შესავალი · ჰენრიხ ჰრინევსკი
ჰენრიხ ჰრინევსკი: ქართული ორნამენტის პოლონელი მკვლევარი
თბილისის ქუჩებში სეირნობისას ხშირად შეხვდებით შენობებს, რომლებიც ევროპული არქიტექტურისა და ძველი ქართული ორნამენტიკის უნიკალური სინთეზით გვაოცებს. ამ გამორჩეული, თბილისური სტილისა და ვიზუალური იდენტობის უკან ერთ-ერთი - პოლონელი, ჰენრიხ ჰრინევსკის სახელი დგას. მან პროფესიულ დონეზე შეისწავლა, აღწერა და დავიწყებას გადაარჩინა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები, თუმცა თავად საბჭოთა ტოტალიტარული მანქანის მსხვერპლი გახდა.
თავი I · ქუთაისიდან ევროპულ განათლებამდე
ქუთაისიდან ევროპულ განათლებამდე
ჰენრიხ ჰრინევსკი 1869 წელს დაიბადა ქუთაისში, პოლონელი პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში. მისი მამა საქართველოში 1863 წლის პოლონეთის აჯანყების შემდეგ გადმოასახლეს. მიუხედავად უცხოური ფესვებისა, ჰენრიხი თავიდანვე ქართულ გარემოში გაიზარდა და ეს მხარე მშობლიურად შეიყვარა.
უმაღლესი განათლების მისაღებად იგი ჯერ იტალიაში, ფლორენციის სამხატვრო აკადემიაში გაემგზავრა, შემდეგ კი გერმანიაში, კარსრუეს პოლიტექნიკუმში არქიტექტურას დაეუფლა. ევროპიდან დაბრუნებული ჰრინევსკი უკვე პროფესიონალი იყო, რომელსაც დასავლური ხედვა და ადგილობრივი კულტურის ღრმა შეგრძნება ჰქონდა სინთეზირებული.
თავი II · არქიტექტურული მემკვიდრეობა და საზოგადოებრივი მოღვაწეობა
სათავადაზნაურო ბანკი: თბილისური არქიტექტურის შედევრი
ჰრინევსკის შემოქმედების ყველაზე მონუმენტური ძეგლი თბილისის შუაგულში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. საუბარია ყოფილი სათავადაზნაურო ბანკის შენობაზე, რომლის პროექტის კონკურსშიც მან 1912 წელს, არქიტექტორ ანატოლი კალგინთან ერთად გაიმარჯვა. დღეს ეს ნაგებობა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსს წარმოადგენს.
ამ პროექტისთვის მან პირადად იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საუკუნოვანი ტაძრების ფასადებიდან გადმოხატა უნიკალური ორნამენტები და ისინი გენიალურად მოარგო თანამედროვე ევროპული ნაგებობის ხასიათს. ბიბლიოთეკის საოცარი ფასადი, დარბაზების ჭერი და ჩუქურთმები ჰრინევსკის ხელით არის შექმნილი და დღემდე აღაფრთოვანებს მნახველს.
სათავადაზნაურო ბანკის გარდა, ჰენრიხ ჰრინევსკის სახელს ქალაქში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნამუშევარი უკავშირდება. მან უდიდესი შრომა ჩადო თბილისის სამხატვრო აკადემიის შენობის (ყოფილი ყობულაშვილების სასახლის) აღდგენასა და მისი ცნობილი, ირანული სტილის სარკეებიანი დარბაზების კონსერვაციაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ ჰრინევსკიმ არქიტექტორ ლეოპოლდ ბილფელდთან ერთად შექმნა ქაშვეთის ტაძრის თეთრი ქვისგან ნაკვეთი ულამაზესი კანკელიც, რომელიც სამთავისის მოტივებზეა დაფუძნებული. ჰენრიხ ჰრინევსკის ღვაწლი მხოლოდ არქიტექტურით არ შემოიფარგლებოდა; იგი ქართული წიგნის გრაფიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მას ეკუთვნის უამრავი ჟურნალ-გაზეთის ყდისა და ილუსტრაციის დიზაინი.
„მისი შემოქმედებითი მწვერვალი ამ მიმართულებით 1914 წელს შედგა, როდესაც სწორედ მისი გრაფიკული ილუსტრაციებითა და ორნამენტული გაფორმებით გამოიცა ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველი აკადემიური კრებული.“ წიგნის გრაფიკა და ილიას თხზულებები
თავი III · აკადემიის დაარსება და საბედისწერო წინააღმდეგობა
აკადემიის დამფუძნებელი და საბედისწერო წინააღმდეგობა
ჰრინევსკიმ ილიას თითოეულ ნაწარმოებს ზუსტი ვიზუალური ენა მოუძებნა, რითაც წიგნის ბეჭდვის კულტურა საქართველოში სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. 1922 წელს, როდესაც თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაარსდა, ჰენრიხ ჰრინევსკი მის ერთ-ერთ მთავარ სულისჩამდგმელად და პრორექტორად მოგვევლინა. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გრაფიკის კათედრას და ზრდიდა ქართველ ხელოვანთა თაობებს. მისი ცხოვრების დრამა 1930-იან წლებში დაიწყო, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ სამხატვრო აკადემიის დახურვა და მისი უბრალო საწარმოო-ტექნიკურ სასწავლებლად გადაკეთება განიზრახა. ჰრინევსკი იყო ის ადამიანი, რომელიც ღიად, პრინციპულად და თავგანწირვით აღუდგა წინ ამ გადაწყვეტილებას. მან გადაარჩინა აკადემია, თუმცა ბოლშევიკურმა რეჟიმმა ეს ურჩობა არ აპატია.
თავი IV · 1937 წლის ტრაგედია და ურყევი მემკვიდრეობა
1937 წლის ტრაგედია
1937 წლის სისხლიანი რეპრესიების დროს, ჰენრიხ ჰრინევსკი დააპატიმრეს და „ხალხის მტრის“ აბსურდული ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯეს. მისი სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა, ხოლო მისი უნიკალური პირადი არქივი, ნახატები და კვლევები ნაწილობრივ განადგურდა ან დაიკარგა. ტრაგედიამ არც მის ოჯახს აუარა გვერდი: მისი მეუღლე, ცნობილი იტალიელი მოცეკვავე მარია პერინი. იგი თბილისის საოპერო თეატრის პრიმა-ბალერინა იყო, რომელმაც 1916 წელს თბილისში დააარსა პირველი კერძო საბალეტო სტუდია. სწორედ მარია პერინიმ აღზარდა ქართული ბალეტის პირველი ვარსკვლავები, მათ შორის დავით ჯავრიშვილი და ვახტანგ ჭაბუკიანი. მეუღლის დახვრეტის შემდეგ მარია პერინი საბჭოთა კავშირიდან სამუდამოდ გააძევეს.
დღეს თბილისში ჰენრიხ ჰრინევსკის სახელი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა მისი ფიზიკური განადგურება შეძლო, მისი დატოვებული მემკვიდრეობა - ეროვნული ბიბლიოთეკის კედლები, ილიას წიგნის ილუსტრაციები და სამხატვრო აკადემია -დღემდე რჩება თბილისის კულტურული იდენტობის განუყოფელ ნაწილად.
