ალექსანდრე მანთაშევი

თბილისელი მეწარმე ბათუმის ინდუსტრიულ სათავეებთან

შესავალი · ბათუმის ინდუსტრიული ისტორია

ალექსანდრე მანთაშევი: თბილისელი მეწარმე ბათუმის განვითარებაში

XIX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ბათუმი შავი ზღვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საპორტო ქალაქად ყალიბდებოდა, ქალაქის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი კერძო კაპიტალმა შეასრულა. ამ პროცესში გამორჩეული ადგილი ეკავა პირველი გილდიის ვაჭარს, ნავთობმრეწველსა და ქველმოქმედს, ალექსანდრე მანთაშევს.

მან უმსხვილესი ინვესტიციები განახორციელა ნავთობის ინდუსტრიაში, მონაწილეობდა ბაქოსა და ბათუმს შორის საექსპორტო ქსელის შექმნაში და ბათუმი თავისი კომპანიის მთავარ საზღვაო საექსპორტო ცენტრად აქცია.

თავი I · ადრეული წლები და წარმოშობა

საერთაშორისო გამოცდილება

ლექსანდრე მანთაშევი დაიბადა თბილისში, სომეხი ვაჭრის ოჯახში. ახალგაზრდობაში ის ინგლისში იმყოფებოდა, სადაც გაეცნო დასავლეთ ევროპის სავაჭრო პრაქტიკას და თანამედროვე ფინანსურ სისტემას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ნავთობის ინდუსტრიაში ჩაერთო.

1899 წელს მან დააარსა სააქციო საზოგადოება „ა.ი. მანთაშევი და კო“, რომელიც მალე რუსეთის იმპერიის წამყვან ნავთობკომპანიად იქცა. კომპანიის წარმატებაში საკვანძო როლი სწორედ ბათუმის პორტმა ითამაშა.

თავი II · საქმით დამტკიცებული ლიდერობა

კონკრეტული ღვაწლი და გავლენა

ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ მანთაშევის ეკონომიკურმა საქმიანობამ ფუნდამენტური გავლენა მოახდინა ბათუმის, როგორც საერთაშორისო საექსპორტო ცენტრის ჩამოყალიბებაზე.

ინფრასტრუქტურა

ნავთობსადენის ინვესტიცია

კომპანიამ განავითარა გადატვირთვის ინფრასტრუქტურა. მანთაშევი იყო ბაქო–ბათუმის ნავთობსადენის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორი, რამაც გაამარტივა ტრანსპორტირება შავ ზღვამდე.

ეკონომიკა

სამუშაო ადგილები

მის საწარმოებსა და საპორტო ობიექტებში დასაქმებული იყო მრავალრიცხოვანი მუშახელი, რამაც ხელი შეუწყო კვალიფიციური ტექნიკური კადრების გაზრდას რეგიონში.

საზოგადოება

კულტურა & განათლება

მისი დაფინანსებით აშენდა სურბ პრკიჩის ეკლესია ბათუმში. იგი ასევე აფინანსებდა სკოლებსა და ნიჭიერი ახალგაზრდების სწავლას ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში.

„მისი საქველმოქმედო საქმიანობა საქართველოსა და კავკასიის მრავალ ქალაქს მოიცავდა და მნიშვნელოვნად უწყობდა ხელს განათლებისა და კულტურის განვითარებას.“

თავი III · მემკვიდრეობა

სიცოცხლის ბოლო წლები

ალექსანდრე მანთაშევი 1911 წელს სანქტ-პეტერბურგში გარდაიცვალა. სურვილისამებრ, თბილისში, ვანქის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. თუმცა, 1930-იან წლებში, საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკის შედეგად ტაძარი დაანგრიეს და საფლავის ზუსტი ადგილი დაიკარგა.

საბჭოთა პერიოდში მისი ქონება ნაციონალიზებული იქნა, მაგრამ განხორციელებულმა ინვესტიციებმა სამუდამო კვალი დატოვა ბათუმის განვითარებაზე. მისი ისტორია ნათლად აჩვენებს ეთნიკურად არაქართველი მეწარმეების უდიდეს წვლილს საქართველოს ეკონომიკაში.

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს „HEKS-EPER Georgia“ და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

© 2026